ხვალ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ივნისის ფანჯარაზე ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. დინამო არენაზე ქართველები ბულგარეთს მასპინძლობენ.
მატჩამდე ერთი დღით ადრე ტრადიციულ პრეს კონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, ოთო კიტეიშვილთან ერთად გამოცხადდა.
რა თქვა სანიოლმა:
კითხვებამდე, მინდა ტოდორ ნედელევს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო. გუშინ ღამით საშინელი შემთხვევა მოხდა. ჩვენი გუნდიც ძალიან ცუდად გრძნობს თავს, რადგან ვაცნობიერებთ, რომ მსგავსი ინციდენტი შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს მოუვიდეს. ბულგარეთის ნაკრების დელეგაციას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ.
საქართველოში წარმატებული ფეხბურთის დაბრუნებისგან მოგვრილი შესაძლო ეიფორიის საფრთხე — ნაკრების მდგომარეობა
ვილი: ძალიან კარგი კითხვაა. საქართველოსთვის ასეთ სიტუაციაში ყოფნა საკმაოდ იშვიათია. ბოლო წლებში ჩვენ წარმატებით ვერ დავიკვეხნიდით. 2 წლის წინ იყო ტრაგიკული მარცხი ჩრდ. Მაკედონიასთან ერთა ლიგის ფინალში. 1 წლის წინ საშინაო მარცხი კოსოვოსთან და 1-4 ბულგარეთში. გამარჯვებების გზაზე დაბრუნება უდიდესი შრომის შედეგია. გუნდში კონკურენციის შესაქმნელად ყველაფერი გავაკეთეთ. მთელმა გუნდმა, სამწვრთნელო შტაბისა და მოთამაშეების ჩათვლით, ძალიან ბევრი იმუშავა და გაიაზრა ნაკრების მნიშვნელობა. მჯერა, რომ გუნდი პროფესიონალურ მიდგომას მომავალშიც შეინარჩუნებს
წიტაიშვილის პოზიციური ცვლილება — დაბრუნდება თუ არა შეტევით ხაზში
ვილი: სიმართლე ვთქვა, არ ვიცი რომელია წიტაიშვილის ბუნებრივი პოზიცია. ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ მარცხენა ფლანგზე შესანიშნავი იყო. იგივე შემიძლია ვთქვა აზაროვის თამაშზე ბულგარეთში. ჩვენს ტაქტიკურ მონახაზში მარჯვენა შემტევის პოზიცია აღარ არის, შესაბამისად, წიტაიშვილი მარცხენა მხარეს კონკრენციას ზრდის. წიტაიშვილი და აზაროვი ერთმანეთს მეტი მუშაობისკენ მოუწოდებენ. გუნდში კონკურენციის მხრივ პოზიტიური დინამიკაა და ამ პროცესში ჩარევა არ მინდა. ამ ყველაფერს შედეგი მოაქვს, რადგან საბოლოო ჯამში პოზიციისა და ტაქტიკის მიუხედავად, ყველანი ერთად ვიგებთ ან ვაგებთ. ახლა გამარჯვებულები ვართ და ეს ძალიან მახარებს.
პროგრესი სტანდარტული მდგომარეობების გათამაშებაში
ამ შეკრებაზე გუნდს ვარჯიშისთვის საკმარისი დრო გვქონდა. აქამდე ამის შესაძლებლობა არ გვქონია. შესაბამისად, რამდენიმე კომპონენტში აშკარა პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, გუნდი თავდაჯერებულია, ეს კი ყველაფერს განსაკუთრებულად აადვილებს.
მეკარის შეცვლის რისკი და ტრავმის შემდეგ შემადგენლობაში წიტაიშვილის დაბრუნება
ბულგარეთთან მამარდაშვილის ძირითად შემადგენლობაში გამწესება ნამდვილად არ იყო რისკი. მამარდა ვალენსიაში უმაღლეს დონეზე თამაშობს. მნიშვნელოვან მატჩებში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, ამიტომ, მისი არჩევა ნებისმიერ დროს შემიძლია. ზოგადად, ძალიან მიხარია, რომ გუნდში სამი ძალიან კარგი მეკარე მყავს.
რაც შეეხება წიტაიშვილს, ბულგარეთთან ირაკლი აზაროვი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, თუმცა შეხვედრის ბოლოს ოდნავ დაიღალა. ვიფიქრე, რომ მომდევნო მატჩისთვის სიახლე იქნებოდა საჭირო. ამიტომ არჩევანი წიტაიშვილზე შეჩერდა. გუნდში ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა, შედეგად, სათადარიგოთა სკამიდან ფეხბურთელები პროდუქტიულად შემოდიან. ფეხბურთელებს ესმით, რომ მწვრთნელმა არჩევანი უნდა გააკეთოს. ზოგს თამაში არ მოუწევს, მაგრამ როდესაც სამართლანი ხარ და გუნდში ნეგატივი არ შეგაქვს მაშინ ყველაფერი კარგადაა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება სამართლიანი იყო, ყველა მოთამაშემ ეს პოზიტიურად მიიღო.
მიქელთაძის შეფასება
ბექა 2 კვირის წინ გამოვიძახეთ როდესაც გიორგი ქვილითაიამ ტრავმა მიიღო. განაცხადს მიღმა სამჯერ დარჩა, თუმცა ძალიან კარგად ვარჯიშობს, ბოლომდე იხარჯება. ის ახლა ეცნობა ნაკრების სპეციფიკას, ვარჯიშების სტილს, გარემოს და იღებს ძვირფას გამოცდილებას. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ყველაფერი ნაკრებში დაბრუნებაში დაეხმარება. ახლა გვყავს ორი კარგ ფორმაში მყოფი ფორვარდი, ბუდუ და ჟორჟი.
Მწვრთნელის დადანაშაულებიდან გაერთიანებამდე — მენტალიტეტის ცვლილება და ფავორიტობის წნეხი
დიახ, ჩვენ ერთად ვიგებთ ან ერთად ვაგებთ. ფეხბურთში სულ ასე იყო. მოედანზე ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა პროცესში მნიშვნელოვან როლს მწვრთნელიც ასრულებს. საბოლოოდ, წარმატების მიღწევა საერთო საქმეა, ჩვენ ერთად ვქმნით საქართველოს ნაკრებს. იმედია, ერთად მუშაობას მომავალშიც ასე კარგად შევძლებთ.
ჩაკვეტაძე განაცხადს მიღმა — სასჯელი უდისციპლინობისთვის?!
გიორგი ჩაკვეტაძემ 2 კვირის განმავლობაში ჩემი სასიამოვნოდ გაოცება შეძლო. მას ჰამბურგში საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ ჰქონდა, თუმცა ნაკრებში ძალიან კარგად ვარჯიშობს, იღიმის, თავს კარგად გრძნობს. ჩაკვესთან ფიზიკური მომზადების პრობლემებიც იყო, რადგან გერმანიაში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში არ უთამაშია, თუმცა ის მაინც გამოვიძახეთ. ჩვენ მისი დამხმარება გვსურდა. ვფიქრობ, მას დიდი ფეხბურთის სათამაშოდ შესაბამისი ნიჭი აქვს. ახლა განვითარების გზაზე დგას და წინ მიიწევს.